ოსკარის 91-ე დაჯილდოების ცერემონიალამდე სინემანიის რედაქციამ ჩვენს მკითხველს პროგნოზი შევთავაზეთ: რომელ კანდიდატს ვაძლევდით ხმას და ვინ იქნებოდა სავარაუდო გამარჯვებული. თუკი ჩვენს პროგნოზს და გამარჯვებულების სიას გადახედავთ, ბევრ მსგავსებას შენიშნავთ.
“საუკეთესო ფილმის” კატეგორიაში ორი სავარაუდო გამარჯვებული დავასახელეთ, რასაც ზოგადად არ ვაკეთებთ ხოლმე, თუმცა ვინაიდან რვა ნომინანტი გვყავდა, არჩევანიც უფრო დიდი იყო. სწორედ ამ ორიდან ერთ-ერთი იყო მწვანე წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის პროდიუსერისა და რეჟისორის გამონათქვამებმა დააზიანეს კამპანიის განმავლობაში ნამუშევარი, ამან მაინც ვერ მოახდინა გავლენა ამერიკის კინოაკადემიის წევრებზე და საუკეთესო ფილმად აღიარეს ის. ალბათ, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია კინოკრიტიკოსების ნაწილში უარყოფილითი გამოხმაურებები. ზოგმა ის შეჯახებასაც კი შეადარა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გამარჯვებული ფილმი ოსკარის ისტორიაში, რასაც არაფრის დიდებით ვეთანხმებით.

ოთხ სამსახიობო კატეგორიაში პრაქტიკულად ყველაფერი ვიწინასწარმეტყველეთ და ძალიან ვამაყოფთ, რომ ჩვენი არჩევანი “საუკეთესო ქალ მსახიობში” ოლივია კოლმანი გამოდგა და მან გაიმარჯვა კიდეც (თუ არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ მისი სამადლობელი სიტყვა). გლენ კლოუზზე გული დაგვწყდა, მაგრამ ობიექტურად კოლმანის პერფორმანსი გაცილებით ძლიერი იყო.
ასევე სწორი გამოვდექით “საუკეთესო კაცი მსახიობის”, მაჰერშალა ალის და “საუკეთესო რეჟისორის”, ალფონსო კუარონის შემთხვევაში. საერთო ჯამში, კვირა საღამოს ყველაზე მეტი ჯილდო – ოთხი, ბოჰემურმა რაფსოდიამ მიიღო, ხოლო რომამ, მწვანე წიგნმა და შავმა პანტერამ, სამ-სამი.

მიუხედავად იმისა, რომ უწამყვანო ცერემონიალმა ნორმალურად ჩაიარა, ის მაინც ერთ-ერთი ყველაზე დაბალრეიტინგული აღმოჩნდა ოსკარების ისტორიაში. თუ უფრო დავკონკრეტდებით ამ მაჩვენებლით წლევანდელი ოსკარი მეორე ადგილზე გავიდა. ალბათ, კინოაკადემიის წევრებმა თავი იმით მაინც დაიმშვიდეს, რომ შარშანდელ ნიშნულს აღარ ჩასცილებიან…
ოსკარის შემდგომ პრესაში გავრცელებულ ყვითელ ამბებს რომ გვერდი ავუაროთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ბოლო ათწლეულში “საუკეთესო რეჟისორის” კატეგორიაში მხოლოდ ერთმა ამერიკელმა გაიმარჯვა.
მართალია 91-ე დაჯილდოება ახლახანს გავაცილეთ, მაგრამ უკვე შეგვიძლია პირველი პროგნოზები გამოვთქვათ, თუ ვის ვიხილავთ ოსკარის 92-ე დაჯილდოების ცერემონიალზე.