ტელეარხ HBO-ს ბოლო ახალი სერიალის, ჩერნობილის წარმატებამ არ უნდა დაგვავიწყოს, რომ არხი აქამდეც ძლიერ პროდუქციას ქმნიდა მინისერიალების კუთხით. ათწლეულების განმავლობაში ტელეარხი ერთმანეთზე წარმატებულ მინისერიალებს გვთავაზობდა, იქნებოდა ეს ანგელოზები ამერიკაში თუ სიკვდილის თაობა.
არხის მინისერიალების ძირითადი თემა ისტორიული მოვლენები იყო და არის, რომელთა ესთეტიკაც მძლავრად კინემატოგრაფიულია და ამაში ჩერნობილმაც დაგვარწმუნა.

ალბათ არ იცოდით, რომ IMDb-ს სერიალების ტოპ ასეულში, რომლის სათავეშიც ჩერნობილია, მესამე ადგილზე ასევე ამავე არხის მინისერიალი ჯარისკაცთა საძმო დგას. საინტერესოა, რომ ორივე სერიალი საკულტო საგას, სამეფო კარის თამაშებს უსწრებს წინ (დღევანდელი მონაცემებით ის მეექვსე ადგილზეა). თუკი მხოლოდ ამ საიტის და მისი მომხმარებლების აზრს/რეიტინგს დავეყრდნობით, ჩერნობილი ტელევიზიის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო სერიალია. წარმოიდგინეთ, ის ისეთ გახმაურებულ სერიალებზე მაღლა დგას, როგორიცაა სოპრანოს კლანი, მძიმე დანაშაული და მოსმენა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ფაქტი სერიალის შეფასების მხოლოდ ერთი კუთხეა. შეფასება ამ საიტზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რაც ზოგჯერ ცხადია ძალიან სუბიექტური და ერთპიროვნულია.

გამოცემა Quartz-მა HBO-ს საუკეთესო მინისერიალის გამოსავლენად სამი საიტის მონაცემები დააჯამა – IMDb-ს, Rotten Tomatoes-ის და Metacritic-ის. ამ დაჯამების შედეგად პირველ ადგილზე 2000 წელს გამოსული “The Corner” გავიდა 276 ქულით. დანარჩენი ადგილები ასე გადანაწილდა: 2. ჩერნობილი (2019), 275 ქულა 3. ჯარისკაცთა საძმო (2001), 275 ქულა 4. ერთ ღამეს (2016) 269 ქულა 5. ოლივია კიტერეჯი (2014) 267 ქულა 6. მაჩვენე გმირი (2015) 263 ქულა 7. წყნარი ოკეანე (2010) 260 ქულა 8. ბასრი საგნები (2018) 252 ქულა 9. სიკვდილის თაობა (2008) 252 10. ჯონ ადამსი (2008) 245 ქულა 11. მილდრედ პირსი (2011) 226 ქულა 12. მოზაიკა (2018) 217 ქულა.
გასათვალისწინებელია, რომ “The Corner“-ის მაღალი რეიტინგი Rotten Tomatoes-ზე 12 მიმოხილვიდან გამომდინარე აქვს და თან ყველა დადებითი. თუკი ამ საიტზე მას ერთი ნეგატიური გამოხმაურება მაინც ექნებოდა, ის ათეულშიც ვერ მოხვდებოდა. შედარებისთვის ჩერნობილს 57 მიმოხილვა აქვს.

გახსოვდეთ, რომ ბენისმიერი შეფასება, მაინც პირობითია, თუმცა ყველა ის გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის პროდუქციაზე. ასეა თუ ისე, ჩერნობილმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ HBO-ს ნაწარმი უმაღლესი ხარისხის შეიძლება იყოს. ვნახოთ, რომელ ისტორიულ ამბავს აირჩევს არხი მომავალში.
qz.com