7 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვუყუროთ ანიმაციურ სერიალს “Big Mouth”

მათთვის, ვისაც უახლესი სერიალის ნახვა სურს, ნეტფლიქსზე არცთუ დიდი ხნის წინ გამოსულ შოუზე გესაუბრებით. ესაა ახალი ანიმაციური სერიალი უფროსებისთვის – დიდი პირი. შოუ, რომლის სცენარიც ნიკ კროლს (ის საკუთარ სერიალში თამაშობს კიდეც), ენდრიუ გოლდბერგს, მარკ ლევინს და ჯენიფერ ფლაკეტს ეკუთვნით, გარდატეხის რთულ ასაკში გვაბრუნებს და ამ პერიოდთან დაკავშირებულ პრობლემებს მძაფრად და ამავე დროს, იუმორით გვიჩვენებს. დაგაინტერესათ? მაშ, გაეცანით 7 მთავარ მიზეზს, რის გამოც ეს ანიმაციური სერიალი მოგხიბლავთ.

1. გულახდილობა

მთავარი, რაც შოუს გამოარჩევს, ეს პერსონაჟების “ჰორმონალური მონსტრები” არიან, რომლებიც მათ სულ თან დაჰყვებიან და არცთუ კარგი რამეების კეთებას აიძულებენ: მაგალითად, უყვირონ მშობლებს, საკუთარი თავები ულამაზოებად მიიჩნიონ და ჩვეულებრივ სიტუაციებში უხერხულობისგან გაწითლდნენ. ეს მართლაც ორიგინალური მიგნება რეალობას ზუსტად გამოხატავს – გარდატეხის ასაკში ხომ მართლაც ისე ვგრძნობთ თავს, თითქოს მონსტრები ჩაგვისახლდა. გარდა ამისა, სერიალი არ ერიდება ტაბუდადებულ თემებზე გულახდილად საუბარს და პუბერტატის ასაკის სირთულეებს იუმორით გვიხატავს.

2. ძალიან სასაცილო სიმღერები

თითოეულ ეპიზოდში შეგხვდებათ სიმღერა, რომელიც მასში განხილულ თემას ეხება. მაგალითად, მესამე სერიაში “გეი ვარ?” ფრედი მერკურის აჩრდილი პერსონაჟს სიმღერით უხსნის, რა გრძნობაა იყო გეი და როგორ უნდა შეეგუოს ამას.

3. თანაბრად ეხება ბიჭების და გოგონების პრობლემებს

ზოგიერთი ეპიზოდი ბიჭების საკითხებს განიხილავს, ზოგიერთი კი იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც გოგონები დგანან. მათ თინეიჯერული ასაკი აერთიანებთ.

4. სტერეოტიპულად არ უდგება სექსუალობას

მეხუთე ეპიზოდი, სახელად “გოგოებიც იგზნებიან” მთლიანად იმის შესახებაა, თუ როგორ აღმოაჩენს თინეიჯერი გოგო საკუთარ სექსუალობას. საერთოდ, სექსის პრობლემები ძირითადად მამაკაცურ ჭრილში განიხილება და ქალის სექსუალობას სტერეოტიპულად უყურებენ, ან საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. ამ მხრივ დიდი პირი სამაგალითოა და ამ მნიშვნელოვანი საკითხით დაინტერესებულებს საკმაო ინფორმაციას აძლევს.

5. გაცილებით პრობლემურ და მძიმე თემებსაც ეხება

ალკოჰოლის მოხმარება არასრულწლოვანების მიერ და სექსუალური ძალადობა? – მე-8 ეპიზოდი. ოჯახური პრობლემები? მე-9 ეპიზოდი. ნაადრევი ორსულობა? მე-6 ეპიზოდი. და არამხოლოდ ეს სერიები ეხება სერიოზულ პრობლემებს, რომლებიც უფრო რთულად გადასალახია, ვიდრე პუბერტატის ასაკი.

6. არაა ბანალური

ერთი შეხედვით, შოუ შეიძლება მეტისმეტად უხამსი მოგეჩვენოთ, რომელიც საზოგადოებაში ტაბუდადებულ თემებს სრულიად გულახდილად ხდის ფარდას. გარდა ამისა, არის მომენტები, როცა პერსონაჟები “მეოთხე კედელს ანგრევენ” ანუ მაყურებლის თვალწინ აღიარებენ, რომ ყველანი ნეტფლიქსის ტელეშოუში არიან და ეს მშვენივრად იციან. თუმცა ეს ყველაფერი არა იაფფასიანად, გემოვნებით და ბანალურობის გარეშეა მოწოდებული.

7. ადვილად ჩაგითრევთ

ჯერჯერობით მულტსერიალის ერთი სეზონია გამოსული, რომელშიც ათი 30-წუთიანი, ძალიან მრავალფეროვანი ეპიზოდია, შესაბამისად, მისი ყურება ძალიან ადვილია. გაითვალისწინეთ, სერიალის მე-2 სეზონის პრემიერა სულ მალე, 5 ოქტომბერს შედგება ნეტფლიქსზე, ასე რომ, პირველი სეზონის გასაცნობად სწორედ შესაფერისი დროა. ამის შემდეგ, გარწმუნებთ, მეორე სეზონს სულმოუთქმელად დაელოდებით.

ჰო, და რაც მთავარია, სერიალის ქართულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

Next Post

ახალი ამბები

ქვიზები

ბოლოს დამატებული