ტელეარხ SHOWTIME-ის კრიმინალური დრამა მილიარდები, რომლის სიუჟეტიც უოლსტრიტელი საქმოსნისა და პროკურორის დაპირისპირების გარშემო ვითარდება, მსოფლიო მაყურებლის დიდი სიმპათიით სარგებლობს. მთავარ როლებს პოლ ჯიამატი და დემიენ ლუისი ასრულებენ. თუ აქამდე არ გინახავთ ეს ძალზე საინტერესო სერიალი, წარმოგიდგენთ მიზეზებს, რომელთა გამოც ღირს, მასზე ყურადღება შეაჩეროთ.
1. სამსახიობო გუნდი
ტელეარხ Showtime-ის პროდუქტს ყოველთვის გამოარჩევს პერსონაჟის განვითარების ხაზი. კარგად დაწერილ პერსონაჟს კი კარგი შესრულება სჭირდება, რაც მსახიობების პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. მილიარდებს ეს პრობლემა ნამდვილად არ უდგას: მთავარი პერსონაჟები, ბობი აქსელროდი (დემიენ ლუისი) და ჩაკ როუდსი (პოლ ჯიამატი) მოწოდების სიმაღლეზე არიან, თუმცა მთლიანობაში სამსახიობო გუნდი ამ შოუს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსებაა.
2. დაძაბულობა
შოუს დაძაბული სიუჟეტი სრულიად რეალისტური ცნების, რეპუტაციის გარშემო ტრიალებს. მასში წინა პლანზეა ადამიანური ვნებები და მისწრაფებები – პირველობის სურვილი და შორს მიმავალი ამბიციები. მოკლედ, ყველაფერი, რაც ადამიანებს ამოძრავებს. მილიარდების გმირები ესწრაფვიან რეპუტაციას ოჯახში, კარიერაში, საკუთარ თავში… აღწევენ თუ არა ბალანსს, ამის გარკვევა თქვენთვის მოგვინდია.
3. სიუჟეტური განვითარება
მილიარდების დაძაბული სიუჟეტი მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ. პერსონაჟების სხეულის ენა, ტექსტი და ქვეტექსტი ინტელექტუალური მაყურებლის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს. წინ დიდი კვანძების გახსნისა და ადამიანური ურთიერთობების გაშიფვრის სიამოვნება გელით.
4. “კატათაგვობანა”
როუდი და აქსელროდი ერთმანეთისგან განსხვავებული სამყაროდან არიან და ორივეს საკუთარი სისტემის მორევში ტრიალი და თავის გატანა უწევს წარმატების მისაღწევად. დაუდგენელია, რომელი მოახერხებს მეტოქის დამარცხებას (თუ საერთოდ მოხდება ასეთი რამ), მაგრამ ეს მთავარი არც არის. უფრო მნიშვნელოვანი ორ მთავარ გმირს შორის დაპირისპირებისას ჩვენი არჩევანია. სუპერმენსა და ბეტმენს შორის დაპირისპირებისას რომელს აირჩევდით? ამ შოუშიც მსგავსი არჩევანის წინაშე დადგებით.
5. სამართლიანობა, ეთიკა, ბრალდებები
რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? ამ ცნებებს შორის ბალანსის დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია, რასაც ნებისმიერი რანგის ადამიანებთან ურთიერთობის (თუნდაც ეს მეტოქეობა იყოს) დროს მივხვდებით. მილიარდები ამ მხრივ შექსპირულ პროპორციებს იცავს. მაგალითად, თუ თქვენი მეუღლე კარიერული წინსვლის მიზნით კორპორატიულ ჯაშუშობას მიმართავს, გაშორდებით თუ არა მას? ამ შოუში მორალის, ეთიკისა და სამართლიანობის საკითხები, რომელთა მიმართებითაც ადამანებს მშრალი დასკვნების გამოტანა არ უჭირთ, ადამიანურ “პრაქტიკაშია” გადმოტანილი, როცა ქაღალდზე დაწერილ და გონებით წარმოდგენილ სიტუაციებს ცხოვრება სხვაგვარად გვიჩვენებს.
6. მოთამაშე-ფსიქოთერაპევტი
სერიალში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ფსიქოთერაპევტები (ასეთი სულ სამია). “აქს კაპიტალის” თანამშრომელმა და ბობი აქსელროდის თერაპევტმა, ექიმი ვენდი როუდსმა კომპანიაში მუშაობა მანამდე დაიწყო, სანამ ჩაკის ცოლი გახდებოდა და სულაც არ აპირებს, თავისი კარიერა აქსელროდის კომპანიის მიმართ თავისი ქმრის შეხედულებებს შესწიროს. ფსიქოთერაპევტების ხაზი მეტად საინტერესო დრამატული კუთხით ვითარდება და გვიჩვენებს, რომ ფსიქოლოგსაც კი შეიძლება ავი ზრახვები ჰქონდეს.
7. არავითარი სექსი
თანამედროვე ეპოქაში ეს მართლაც უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ მილიარდებმა წარმატება სექსუალური სცენების გარეშეც მოიპოვა. მასში არ არსებობს ვნებებით შეპყრობილი წყვილის სიუჟეტური ხაზი და მასთან დაკავშირებული დრამები, რაც შეიძლება ერთი შეხედვით სიუჟეტურ ჩავარდნად ან ნაკლად მოგეჩვენოთ, მაგრამ მეორე მხრივ ეს ფაქტი გვიჩვენებს, რომ შოუ სექსის გარეშეც მიმზიდველად ითვლება, ე.ი. მასში არის რაღაც, რაც თანამედროვე პოპკულტურის მოთხოვნებზე მაღლა დადგა. დღევანდელობაში მსგავსი შოუს ნახვა თავისებურ გამოწვევადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.