დიდი აფეთქების თეორია გამოსვლის დღიდან მსოფლიოს საყვარელი სიტკომია. 2007 წლიდან დღემდე თერთმეტი სეზონის განმავლობაში მან მრავალმილიონიანი აუდიტორია და უერთგულესი თაყვანისმცემლები შეაგროვა. ის ერთ-ერთი უიშვიათესი სიტკომია, რომლის მაყურებლის ასაკი შეუზღუდავია, ისევე როგორც თავად სერიალის ნერდობის ხარისხი.
ლაღი, გონებამახვილური იუმორი, უნიკალური პერსონაჟები და მრავალფეროვანი თემატიკის სპექტრი – ეს ამ სერიალის მთავარი კოზირებია, მაგრამ მათ გარდა სხვა უამრავი მიზეზი არსებობს, რომელთა გამოც აუცილებლად ღირს დიდი აფეთქების თეორიისთვის დროის დათმობა.
მაშ, თუ გიყვართ იუმორი და არ გაშინებთ ფიზიკა, განაგრძეთ კითხვა და გაეცანით 7 მთავარ მიზეზს, რის გამოც უნდა ვუყუროთ სერიალს დიდი აფეთქების თეორია.
1. დოქტორი შელდონ კუპერი, ბაზინგა!
უდავო ფაქტია ის, რომ შელდონ კუპერი თანამედროვეობის ერთ-ერთი უსაყვარლესი სიტკომის პერსონაჟია. მისი “შერლოკისებური” ასოციალურობა და ნარცისიზმი ყველაზე საინტერესო, გამორჩეულ პერსონაჟად აქცევს მას. გენიოსი ფიზიკოსი და პრაქტიკულ ცხოვრებაში ნაკლებად გამოცდილი შელდონი, რომლის როლშიც ჯიმ პარსონსი ბრწყინვალეა, იოლად მოახერხებს თქვენი გულის დაპყრობას.
2. გოგონები
საწყის სეზონებში კელი კუოკოს მიერ განსახიერებული პენი სერიალის ერთადერთი მნიშვნელოვანი ქალი პერსონაჟი იყო, თუმცა თანდათან ახალი პერსონაჟებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც სერიალს დამაჯერებლობა და მეტი სიხალისე შესძინეს. ბერნადეტისა და განსაკუთრებით შელდონის რჩეული ემის გარეშე დიდი აფეთქების თეორია ბევრს დაკარგავდა.
3. დახვეწილი სამეცნიერო სლენგი
სერიალის მთავარი გმირები (პენის გარდა) ტექნიკური განათლების მქონე ხალხია, ამიტომ სერიალში ხშირად მოვისმენთ კამათს სხვადასხვა სამეცნიერო საკითხებზე. მათი უმეტესობა შეიძლება გაუგებარი იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში მაყურებელი პერსონაჟთა იუმორს და ენას ალღოს უღებს და თანდათან ამჩნევს, რამდენი ფარული თუ გადატანითი ხუმრობა იმალება სამეცნიერო ჟარგონში, რომელსაც ასე უხვად იყენებენ დიდი აფეთქების თეორიაში. თანდათან უფრო ადვილი იქნება ამ ტერმინების “დაჭერა” და მათი მნიშვნელობის ზუსტად გაგება, რაც უფრო და უფრო დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
4. ნაცნობი ელემენტები პოპკულტურიდან
“ჭკუისკოლოფა ხალხის” შოუსგან ერთი შეხედვით ცოტა უცნაური ჩანს უამრავჯერ და სხვადასხვაგვარ კონტექსტში ნახსნები ტელეშოუები, კომიქსები, ფილმები და ცნობილი პიროვნებები, მაგრამ ფიზიკოსებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ისინი ისევე ეთაყვანებიან რომელიმე სელებრითის, როგორც ჩვენ. ამრიგად, დიდი აფეთქების თეორიაში თქვენ შეგხვდებათ ალუზიები მარველის სამყაროს, ბეტმენის, სუპერმენის, სამეფო კარის თამაშების, ვარსკვლავური გზის, ვარსკვლავური ომებისა და სხვა ჩვენთვის ცნობილი პოპკულტურის წარმომადგენლებზე.
5. ცნობილი ადამიანები სტუმრად შოუში
ყველა იმ სერიალის და სიტკომის მსგავსად, რომელიც უზომოდ პოპულარული გახდა, დიდი აფეთქების თეორიაც განებივრებულია სელებრითებით, რომელთა ან კამეოების ან რომელიმე ახალი პერსონაჟის როლში ხილვის ბედნიერება გვაქვს. ასეთი პატივი შეიძლება ერგოს როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავს, ისე სამეცნიერო ან სხვა სფეროში ცნობილ ადამიანს. ამრიგად, დიდი აფეთქების სტუმრები ყოფილან: ლინდსეი ლოჰანი, მაილი საირუსი, კერი ფიშერი, სტენ ლი, “ეფლის” ერთ-ერთი დამაარსებელი სტივ ვოზნიაკი და ასტრონავტი ბაზ ოლდრინი. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი, რასაკვირველია ასტროფიზიკოს სტივენ ჰოკინგის ვიზიტი იყო.
6. ჰოვარდ ჯო ვოლოვიცი – ერთადერთი “ხარისხის არმქონე” პერსონაჟი
ჰოვარდი შელდონის “განუყრელი ოთხეულის” ერთადერთი წევრია, რომელიც ტექნიკურ საგნებში დანარჩენებივით განსწავლული არაა. სწორედ ესაა მისი განსაკუთრებული გამორჩეულობის მთავარი მიზეზი. მისი სასაცილო, გაურკვეველი ურთიერთობა დედასთან და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ებრაული იუმორი ბევრს გაცინებთ.
7. ცოდნის შეძენა ხალისით
თურმე შოუს ინსპირაციად ორი გიკი პროგრამისტის ცხოვრება იქცა. მაგრამ დიდი აფეთქების თეორიაში უხვი კომპიუტერული სლენგის ნაცვლად გვხვდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, უმაღლესი ფიზიკა, კოსმოლოგია, ქიმია, მათემატიკა, ისტორია და ა.შ. თუმცა ასაღელვებელი არაფერია – სამეცნიერო თემა ხუმრობებში და დიალოგებში “გაცხრილული”, ძალიან ბუნებრივად მიეწოდება მაყურებელს და თანდათან ეს ყველაფერი არც ისეთი რთული გვეჩვენება. ჩვენს ზოგად განათლებას დიდი აფეთქების თეორია დიდი ხალისით აამაღლებს…
* * *
და კიდევ ერთი მიზეზი…
რასაკვირველია, გამხსნელი თემა. “მთელი ჩვენი სამყარო ერთ ცხელ წერტილში იყო თავმოყრილი” – ასე იწყება თემის სიმღერის ტექსტი, რომელიც შოუს კონტექსტს შესანიშნავად გვაცნობს, ხალისიან განწყობაზე გვაყენებს და გვამზადებს უფრო ჭკვიანური და მხიარულ სამყაროს გასაცნობად, ვიდრე ჩვენი საკუთარია.