HBO-ს სერიალი ველური დასავლეთის სამყარო (Westworld), რომელიც ტელეეთერში პირველად 2016 წელს გამოჩნდა, 1973 წელს გადაღებულ ამავე სახელწოდების ფილმს ეფუძნება (ამ ფილმის სცენარი და რეჟისურა ამერიკელ რომანისტს, მაიკლ კრიჩტონს ეკუთვნის). შოუს პირველი სეზონი საოცრად წარმატებული აღმოჩნდა და მალევე მოიპოვა ტელემოყვარულთა სიმპათიები, ამ წლის აპრილში კი მაყურებელი ველური დასავლეთის სამყაროს მეორე სეზონსაც იხილავს.
ამბავი შემდეგია: წარმოიდგინეთ მდიდარი, გავლენიანი და მოსაწყენი ცხოვრება ველურ დასავლეთში. იქაური კანონები და ესთეტიკა, ძველი ხანის რომანტიკა… – და ეს ყველაფერი თანამედროვე სამყაროს მკვიდრმა შეიძლება გამოსცადოს, თან სრულიად რეალურად. “ველური დასავლეთის სამყარო” თემატური პარკია, რომლის “მასპინძელი” რობოტები ადამიანისგან თითქმის არაფრით განირჩევიან და უზრუნველყოფენ, სტუმარმა თავი ნამდვილ ველურ დასავლეთში იგრძნოს… საინტერესო სიუჟეტი ჩანს, ხომ? ეს ყველაფერი არაა.
წარმოგიდგენთ ექვს მთავარ მიზეზს, რომელთა გამოც ღირს ამ შოუს თქვენს აუცილებლად სანახავ სიაში შეტანა და ველურ დასავლეთში მოგზაურობა.
1. დასაწყისის მუსიკალური თემა
ზოგჯერ მხოლოდ დაწყებამ შეიძლება გადაგაწყვეტინოს სერიალის ნახვა. ინტრო, რომლის შთამბეჭდავი ვიზუალი და მუსიკალური თემა, მაყურებელს ატყვევებს. მუსიკის ავტორი სამეფო კარის თამაშების კომპოზიტორი რამინ ჯავადია, პატრიკ კლერის ვიდეო კი, რომელიც გვიჩვენებს, როგორ მზადდება “მასპინძელი” რობოტები, შესანიშნავად ეხამება მუსიკალურ თემას.
2. ჩახლართული სიუჟეტი
სიუჟეტი საოცრად ჩამთრევია, პირველი ეპიზოდის პირველი 10 წუთიც კი მაყურებელს თავსატეხს უჩენს. თუ თქვენ ჩახლართული და გაუგებარი სიუჟეტური ხაზი გიზიდავთ, მაშინ ველური დასავლეთის სამყარო არ უნდა გამოტოვოთ.
3. უმაღლესი დონის სამსახიობო გუნდი
ევან რეიჩელ ვუდი, ჯეფრი რაითი, ედ ჰარისი, ლეგენდარული ენტონი ჰოპკინსი ამ სახელგანთქმული თემატური პარკის დირექტორის, დოქტორ რობერტ ფორდის როლში ის სამსახიობო ანსამბლია, რომელსაც ნებისმიერი რეჟისორი ინატრებს. საოცარი სიუჟეტისა და ბრწყინვალე თამაშის კომბინაცია გასაოცარ გარემოს ქმნის და მაყურებელს გარანტირებულ ადრენალინს და სიამოვნებას ჰპირდება.
4. კინემატოგრაფია და ეფექტები
ვიზუალი შოუს ერთ-ერთი უძლიერესი მხარეა. თემატური პარკი თავისი ფართო ველებით, დიდი კანიონებითა და მთებით ნამდვილად შთამბეჭდავი სანახავია. არ უნდა დავივიწყოთ გასაოცარი ეფექტებიც, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეს ეფექტები სისხლიანი და ულმობელია. სხვაგვარად როგორ – ეს ველური დასავლეთია.
5. გაიძულებს, თავადაც ჩაერთო თამაშში
ველური დასავლეთის სამყაროს პირველ სეზონს ბევრი ვიდეოთამაშს ადარებს. და მართლაც, შოუს თანაშემქმნელი ჯონათან ნოლანი ვიდეოთამაშებით იყო ინსპირირებული. სწორედ ამან გადააწყვეტინა ემუშავა სერიალზე, რომლის გარემოც კომპიუტერული თამაშისას ემსგავსებოდა. ამოცანები, გადასაჭრელი პრობლემები, გასავლელი “დონეები” – რაც მეტად წინ მიიწევ, მით მეტად რთულდება ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშში განსაზღვრული წესები არ არსებობს, სტუმრები თავად ქმნიან მათ. მაყურებელსაც მეტი არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ მიჰყვეს თამაშს და გაიგოს, სადამდე გაძლებს.
6. და ბოლოს, დრამა
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ დრამისა და თრილერის, ამასთანავე ვესტერნისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ნაზავი? – ველური დასავლეთის სამყარო სწორედ ესაა. შეუძლებელია მაყურებელი ემპათიით არ განიმსჭვალოს “მასპინძლების” მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დამპროგრამებული რობოტები არიან, მაგრამ მათი ემოციები არაფრით განირჩევა ადამიანების ემოციებისგან. თითოეული ეპიზოდი სიძულვილის, სიხარულის, ბრაზის, სიურპრიზისა და შოკის ნაზავია. და რაც მთავარია, ყოველი მომდევნო ეპიზოდი თავიდან გვაოცებს.