სექსი დიდ ქალაქში HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელმაც დროს გაუძლო. მიუხედავად იმისა, რომ ქერი ბრედშოუს და მისი საუკეთესო მეგობრების გაცნობიდან უკვე 20 წელი გავიდა, ის დღემდე რჩება მაყურებლის ფავორიტ შოუდ.
ვფიქრობთ, არაერთი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ სერიალის ყურება დაიწყოთ და, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკვე ნანახი გაქვთ, თავიდან გაიმეოროთ:
1. აღმოაჩენთ პერსონაჟს, რომელსაც ყველაზე მეტად გავხართ
გჯერათ ერთი ნახვით სიყვარულის? (შარლოტა) მზად ხართ მრავალფეროვანი სექსუალური გამოცდილებებისთვის? (სამანტა) სარკაზმი თქვენი ძლიერი მხარეა? (მირანდა) იდეალური ურთიერთობის მუდმივ ძიებაში ხართ? (ქერი)
გასცდით ბანალურ ტესტებს და უყურეთ სერიალს. დარწმუნებულები ვართ, საკუთარ თავს ერთ-ერთ პერსონაჟთან აუცილებლად გააიგივებთ, დანარჩენ ტიპაჟებს კი საკუთარ სამეგობროში აღმოაჩენთ.
2. გეყოლებათ ვირტუალური, თუმცა საუკეთესო მეგობრები
თითოეულ ეპიზოდში განხილულია თემები და სიტუაციები, რომლებიც ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დგება. შეიძლება ითქვას, რომ სერიალში იპოვით პასუხებს იმ კითხვებზე, რაც ურთიერთობების, სექსის, სიყვარულისა და კაცების შესახებ გაწუხებთ.
3. იპოვით იდეალური პარტნიორის ტიპაჟს
შოუს განმავლობაში ქერის, სამანტას, მირანდასა და შარლოტას არაერთ კაცთან ჰქონდათ ურთიერთობა. ისინი ყოველთვის განსხვავებულები იყვნენ და თითქმის სრულიად მოიცავდნენ თანამედროვე მამაკაცების პროტოტიპებს.
ფიქრობთ, რომ ეიდენი საუკეთესო შეყვარებულია? თუ მაინც მისტერ ბიგისკენ იხრებით? იქნებ შარლოტას ჰარი გხიბლავთ, ან სულაც სამანტას სექსუალური მეგობარი სმიტი? სერიალი აუცილებლად მიგახვედრებთ, თუ როგორ პარტნიორს ეძებთ ცხოვრებაში.
4. გაგიჩნდებათ ახალი იდეები თქვენს გარდერობთან დაკავშირებით
დიდი ქალაქი, სადაც მოქმედება ვითარდება ნიუ-იორკია – მოდის ცენტრი. შეუძლებელია, უყურო სერიალს და არ მოიხიბლო პერსონაჟების ჩაცმულობით. ვინ იცის, იქნებ რომელიმე კონკრეტული სამოსი თქვენი განახლებული გარდერობის ინსპირაციაც კი გახდეს?
5. გაგიჩნდებათ წერის სურვილი
სერიალს ფონად მუდამ გასდევს ქერის ხმა, რომელიც საკუთარ ისტორიებს მოგვითხრობს. ის მწერალია, რომელიც თავის ყოველდღიურობას საინტერესო სტატიებად აქცევს და ხშირად სვამს კითხვებს, რომლებზე ფიქრიც აუცილებლად მოგგვრით მუზას.
ვინ იცის, იქნებ თქვენშიც იმალება ურთიერთობებისა და სიყვარულის ექსპერტი, რომელსაც ამ ყოველივეზე საინტერესოდ წერა შეუძლია?
6. იმოგზაურებთ ნიუ-იორკში
რა თქმა უნდა, სერიალის წარმატებაში მთავარი წვლილი მის პერსონაჟებს მიუძღვით, თუმცა წარმოუდგენელია ეს ყოველივე სხვა ქალაქში მომხდარიყო. იმის მიუხედავად, ყოფილხართ თუ არა ოდესმე ნიუ-იორკში, ქერი ბრედშოუს თვალით დანახულ ქალაქში მოგზაურობა ყოველი თქვენგანისათვის განსაკუთრებული და საინტერესო გამოცდილება იქნება.