5 მიზეზი, თუ რატომ უნდა უყუროთ კიტ ჰარინგტონის ახალ დრამას “დენთი”

“გახსოვდეთ, გახსოვდეთ ხუთი ნოემბერი…”

მინისერიალმა “დენთი”, რომელიც BBC One-მა ცოტა ხნის წინ გაუშვა, უკვე 5 მილიონამდე მაყურებელი მიიზიდა. დრამა 1605 წლის ლონდონის მოვლენებზე, გაი ფოქსის აჯანყებაზე გვიამბობს, თუმცა აქცენტი გაკეთებულია არა თავად გაი ფოქსზე, არამედ კიტ ჰარინგტონის გმირ რობერტ ქეთსბიზე და მის როლზე ამბოხში, ასევე მოგონებებზე, რომელიც სიუჟეტის პარალელურად ვითარდება.

სერიალმა უკვე დაიმსახურა საკმაოდ კარგი შეფასებები, თუმცა თუ დამატებითი მიზეზები გაინტერესებთ, რატომ უნდა უყუროთ ამ სერიალს, აი ისინიც:

1. ჰარინგტონმა “დენთს” თავისი “შვილი” უწოდა

მსახიობი დრამაში არამარტო მთავარ როლს ასრულებს, ის მისი პროდიუსერობით გადაღებული პირველი სერიალია. მან პრესას განუცხადა, რომ ბედნიერია, ამ პროექტში პროდიუსერის როლშიც რომ ჩაერთო და სცენარისტის, რეჟისორის, სამსახიობო გუნდის შერჩევაში მონაწილეობა მიიღო. სწორედ ამიტომ, ეს პროექტი მას საკუთარ, პირველ შვილად მიაჩნია.

2. ფილმში ნამდვილად ვარსკვლავური შემადგენლობაა

სერიალში არამხოლოდ ჰარინგტონის სამსახიობო ოსტატობას ვიხილავთ, არამედ ისეთ მეგავარსკვლავებსაც, როგორებიცაა ვეტერანი ბრიტანელი მსახიობი პიტერ მალენი (ჰენრი გარნეტის როლში), ლივ ტაილერი (ენი ვოქსი) და მარკ გატისი (სერ რობერტ სესილი).

3. შემეცნებითია

RadioTimes-თან ინტერვიუში ჰარინგტონმა განაცხადა, რომ “დენთი” მაყურებელს დიდ ინფორმაციას მიაწვდის ბრიტანეთის რეალური ისტორიის კონკრეტულ ეტაპზე და ეპოქაზე. “როდესაც ადამიანები “დენთს” გაიგონებენ, ყველას “გაი ფოქსი” ახსენდება, არადა ბევრმა არც კი იცის, ამ დროს პარლამენტის შენობა მართლა აფეთქდა თუ არა. სწორედ ამიტომ, მგონია ბევრმა უნდა უყუროს ამ ფილმს, რათა ისტორიის ამ მნიშვნელოვან მონაკვეთზე რეალური ფაქტები შეიტყონ”.

4. სიუჟეტი გაი ფოქსის მოვლენების რეალურ, შეულამაზებელ ისტორიას მიჰყვება

გაი ფოქსის პერსპექტივით დანახული ამბის ნაცვლად, სერიალში ფოკუსი სხვა მთხრობელებზეა გაკეთებული, ძირითადად კი ჰარინგტონის გმირი რობერტ ქეთსბი გვიყვება ამბავს. “დენთი” უფრო მეტად თავად ქეთსბის ამბავია. სიუჟეტი ანტონია ფრეიზერის ნაწარმოებს – “ტერორი და რწმენა 1605-ში” – ემყარება, რომელიც ბევრ ცნობილ ფაქტს სრულიად განსხვავებული კუთხით გვიჩვენებს. ისტორიას ყოველთვის გამარჯვებულები როდი წერენ.

5. ამ ისტორიულ დრამაში განვითარებული თემები დღევანდელობისთვისაც არაა უცხო

დაძაბულობა, ღალატი, ვერაგობა — ეს ცნებები ზედროულია და ისტორიის პარალელებიც მარადიული. პოლიტიკური თამაშებისა და მზაკვრობის თანამედროვე მაგალითებზე გადაღებული ფილმები დიდი მოწონებით სარგებლობს, ისევე როგორც ისტორიული ფილმები, რომლებიც კაცობრიობას მარადიულ საკითხებზე აფიქრებს. და მიუხედავად იმისა, რომ დრამაში ნაჩვენები მეტისმეტი სისატიკე უკვე გააკრიტიკეს, ჰარინგტონს სწამს, რომ მთავარი საკითხი, რაზეც ფილმი აქცენტს აკეთებს, რთულ არჩევანზეა, რომლის წინაშეც ადამიანი ნებისმიერ ეპოქაში დგება.

 

მალე დაიწყება “დენთის” ქართულ ენაზე გახმოვანება და მისი მშობლიურ ენაზე ნახვის საშუალებაც გექნებათ.

 

Next Post

ახალი ამბები

ქვიზები

ბოლოს დამატებული