ეგზისტენციალური კრიზისი, დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა თუ კანის ფერის ნიშნით, მისტიკური და აუხსნელი მოვლენები, თანამედროვე საზოგადოების ყოფა – ეს და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი თემებია ასახული იმ ბრწყინვალე 5 სერიალში, რომელიც წელს გამოვიდა და რომელიც არ უნდა გამოტოვოთ:
ქალაქის ზღაპრები
ბარბერი ლეინი – ქვიარ ადამიანების ბედნიერების ადგილია, დიდი სახლი სან-ფრანცისკოში, რომელსაც მოხუცი ანა მადრიგალი უძღვება. ესაა სახლი მათთვის, ვისაც თავისუფლება და სიყვარული სურს; სურს, იყოს ის, ვინც სინამდვილეშია. ბედნიერების ადგილს საფრთხე მას შემდეგ დაემუქრება, რაც უცნობი პირი მადრიგალის დაშანტაჟებას დაიწყებს… ქალაქის ზღაპრები რამდენიმე ადამიანის ისტორიას გვიყვება და ძალიან ნათლად და რეალისტურად გადმოსცემს, თუ რას განიცდიან უმცირესობის წარმომადგენლები.
როცა ისინი დაგვინახავენ
რეალურ ამბავზე დაფუძნებული სერიალი ხუთი შავკანიანი მოზარდის ტრაგიკულ ისტორიას გვიყვება. ისინი ნამდვილ კოშმარში აღმოჩნდებიან, როდესაც ცენტრალ-პარკში მომხდარ შეტაკებასა და გაუპატიურებაში დასდებენ ბრალს… სერიალში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ თითხნის საქმეს პოლიცია, როგორ ძალადობს 14-15 წლის მოზარდებზე აღიარების მისაღებად, როგორ ანადგურებს სისტემა ხუთი ადამიანის ცხოვრებას… ისტორია იმდენად შემზარავია, რომ მისი რეალურობა ძნელი დასაჯერებელია. მაგრამ დიახ, ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდა.
მატრიოშკა (რუსული თოჯინა)
სერიალის მთავარი გმირი – ნადია 30 წელს გადაცილებული, ეგზისტენციალურ კრიზისში მყოფი ქალია, რომელიც წვეულების შემდეგ ავარიაში იღუპება. თუმცა, კვლავ წვეულებაზე აღმოჩნდება და ყველაფერი თავიდან იწყება. ეს წრე დაუსრულებლად მეორდება და მთავარი გმირი გამეტებით ცდილობს, ამ კოშმარს თავი დააღწიოს. რამდენად შეძლებს, ამას თავად ნახავთ…
პალატები
მოზარდ გოგონას მოულოდნელად ინფარქტი დაარტყამს და გულის გადანერგვის ოპერაციას იკეთებს. ოპერაციიდან მალევე მას უჩვეულო ხილვები ეწყება, რომელიც ძირითადად მისი გულის პატრონს, მკვდარ გოგონას უკავშირდება. მისტიკა, დრამა, ფენტეზი, ჰორორი – ამ ჟანრების ნაზავი შოუ დაწყებისთანავე ჩაგითრევთ.
ჩემთვის მკვდარი
არსებობს მხარდამჭერთა ჯგუფი, სადაც ადამიანები ახლობლის სიკვდილით გამოწვეული ტკივილის დაძლევას ცდილობენ. სერიალის მთავარი გმირი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ქმარი გარდაეცვალა, სწორედ ამ ჯგუფს სტუმრობს. პირველივე შეხვედრაზე ის უჩვეულო, ქარიზმატულ ქალს გაიცნობს, რომელიც ამბობს, რომ საქმრო დაეღუპა. ისინი დამეგობრდებიან. თუმცა, თანდათან ახალ-ახალ საიდუმლოებებს ეხდება ფარდა, რაც მათ მეგობრობას საფრთხეს უქმნის.