ტვინ პიქსი ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ადრეული წარმატებული პროექტია, რომელიც დღემდე რჩება საეტაპო ნამუშევრად, რამაც გავლენა შემდგომი პერიოდის სატელევიზიო შოუებზეც მოახდინა. ამერიკული მისტიკური ჰორორის პირველი სეზონი ტელევიზიის ეკრანებზე მაყურებელმა 1990 წელს იხილა ტელეარხ ABC-ზე, პირველ სეზონს მალევე მეორე მოჰყვა, რაც შეეხება მესამე, ჯერჯერობით უკანასკნელ სეზონს, ის სერიალის თაყვანისმცემლებმა 2015 წელს იხილეს. სიუჟეტი მიჰყვება FBI-ს აგენტ დეილ კუპერს (კაილი მაკლაჰენი), რომელიც ვაშინგტონის შტატში მდებარე გამოგონილ ქალაქ ტვინ პიქსში სკოლის დედოფლის, ლორა პალმერის მკვლელობის ამბავს იძიებს.
თუ ის ფაქტი, რომ ეს სერიალი დღეს უკვე ტელეისტორიის კლასიკად არის მიჩნეული, არ კმარა მის სანახავად, წარმოგიდგენთ ათ მნიშვნელოვან მიზეზს, რის გამოც უნდა შეაბიჯოთ ტვინ პიქსის მისტიკურ სამყაროში.
1. დევიდ ლინჩი
დევიდ ლინჩი განთქმულია თავისი ექსცენტრული არტისტული ხედვით და განუმეორებელი ხმით თანამედროვე კინემატოგრაფიაში. ბევრი მას თანამედროეობის ჰიჩკოკსაც უწოდებს, არა იმდენად სიუჟეტების ან ესთეტიკის მსგავსების, არამედ აუდიტორიის საკუთარი, მკვეთრი სტილით გაოცების გამო. ჰიჩკოკის ფილმების ძრწოლის მომგვრელი აურის მსგავს განწყობას ლინჩი საკუთარი ხედვითა და მხატვრული ხერხებით ქმნის. მის ფილმებში “მისტიკა ცოცხალია”.
სწორედ ასეთი ჩამთრევი და იდუმალებით მოცული გარემო შექმნა მან ტვინ პიქსში და თუ ამ რეჟისორის ერთ-ერთი საეტაპო ნაშრომის ხილვა გსურთ, აუცილებლად უნდა უყუროთ ამ სერიალს.
2. ტვინ პიქსი რამდენიმე ჩვენი ფავორიტი შოუს ინსპირაციაა
თავდაპირველად ტვინ პიქსი პატარა ქალაქში განვითარებული იდუმალებით მოცული ამბით იწყება, მაგრამ მას შემდეგ, რაც აგენტი დეილ კუპერი ლორა პალმერის მკვლელობის გამოძიებაში ახალ-ახალ ფაქტებს აღმოაჩენს, შოუში პერსონაჟთა მრავალფეროვანი ხასიათები იხსნება. ატმოსფერული კინემატოგრაფია, პროზაული და ამავე დროს ზებუნებრივი გარემო და განწყობა – ეს ელემენტები მრავალი, ჟანრობრივად მსგავსი ტელეშოუს ინსპირაციად იქცა: სოპრანოს კლანი, ბაფი – ვამპირების გამანადგურებელი და საიდუმლო მასალები. ტვინ პიქსის გავლენა შეგვიძლია შეშლილებსა და თინეიჯერულ პატარა საყვარელ მატყუარებშიც კი აღმოვაჩინოთ.
3. ვინ მოკლა ლორა პალმერი?
არაფერი შეედრება ხანგრძლივ სატელევიზიო მისტიკას, რომლის ამოხსნაც მრავალუცნობიან განტოლებასავით რთულია. შეკითხვის – ვინ მოკლა ლორა პალმერი? – პასუხს მაყურებელი მთელი შოუს განმავლობაში ეძებს. ამ კითხვით იწყება მთელი ამბავი და სანამ მკვლელის ვინაობა დადგინდება, მრავალი რამ უნდა მოხდეს. თუ შემთხვევით სპოილერს მოჰკარით ყური და ამ კითხვაზე პასუხი იცით, შოუს ყურება მაინც ღირს, რადგან მნიშვნელოვანი ის ეტაპებია, რასაც პასუხამდე მივყავართ.
4. ხელოვნების ნიმუში
როგორც ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს შეეფერება, ლინჩის ქმნილება უამრავი განსხვავებული კუთხით შეგვიძლია “წავიკითხოთ” და გავიაზროთ. ის მრავალმხრივია და შინაარსის უამრავ შრეს ყველა თავისებურად აღიქვამს. ერთი მომენტიც კი სხვადასხვა ადამიანმა შეიძლება სრულიად სხვადასხვანაირად დაინახოს და ამ მხრივ ტვინ პიქსი, გარკვეულწილად, კარგ წიგნს ემსგავსება. შესაბამისად, როგორც ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუში, ათასგვარ ინტერპრეტაციას ექვემდებარება.
5. მუსიკა
დევიდ ლინჩის ნამუშევრებს ხშირად აფორმებს და დამატებით მისტიკურ შტრიხს სძენს ანჯელო ბადალამენტის შესანიშნავი საუნდტრეკები. ბადალამენტის დაუვიწყარი მელოდიები ერთდროულად იდუმალებით მოცული და მიმზიდველია, ტვინ პიქსის სამყარო დღეს წარმოუდგენელია მისი საუნდტრეკის გარეშე.
6. ტვინ პიქსის ქალები
შოუს ერთ-ერთი ღირსება უნიკალური პერსონაჟი ქალებია – უსინდისო თუ პატიოსანი, დაუმორჩილებელი თუ გულკეთილი, ამოუცნობი და ასე უსასრულოდ. ყოველი მათგანი საოცრად კომპლექსური და საინტერესოა. ისეც ხდება, რომ მორცხვ და ანგელოზური სახის მიღმა საბედისწერო ქალი იმალებოდეს. რეჟისორმაშოუში ძლიერი ხასიათით გამორჩეული, თუმცა ამავე დროს ძალიან მგრძნობიარე ქალები დახატა. მათთან ერთად ვერასდროს მოიწყენთ.
7. სპეცაგენტი დეილ კუპერი
სპეციალური აგენტი დეილ კუპერი, რომელიც ტვინ პიქსს იდუმალებით მოცული მკვლელობის გამოსაძიებლად ესტუმრება, არამარტო შოუს, არამედ სერიალების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟია. ის გონიერია, მოხერხებული და განსაკუთრებით უყვარს “უმთვარო ღამესავით შავი ყავა”. პატარა ქალაქის მცხოვრებლების ხასიათებზე დაკვირვებით, ის ნელ-ნელა ხსნის ჩახლართული ამბის კვანძებს.
8. ტვინ პიქსი: ცეცხლი მომყვება
ტვინ პიქსი: ცეცხლი მომყვება მხატვრული ფილმია, რომელიც ძირითადი ამბის პრიქველს წარმოადგენს. მისი ნახვა სერიალის პირველი და მეორე სეზონების ნახვის შემდეგაა რეკომენდებული, რადგან ფილმში მკვლელი უკვე ცნობილია. ესაა ლორა პალმერის ცხოვრების უკანასკნელი კვირის ქრონიკები მის მკვლელობამდე. ტვინ პიქსის მთავარი ინტრიგა ლორას ცხოვრება და სიკვდილია, შესაბამისად, პრიქველით ბევრი რამ აიხსნება. და ჰო: მასში დევიდ ბოუი მონაწილეობს.
9. შიშის ფაქტორი
ტვინ პიქსში, როგორც სერიალში, ასევე მხატვრულ ფილმში ხშირად გვხვდება ხელოვნებამდე დახვეწილად საშიში სცენები, მათ უბრალოდ თვალებს ვერ მოსწყვეტთ. მსგავსი შოუები მეინსტრიმისთვის მეტისმეტად უჩვეულოა, მაგრამ შიშის ფაქტორი მათ მხატვრულ ეფექტს მხოლოდ ზრდის. ტვინ პიქსი იმავე მიზეზით გვიზიდავს, რითაც კლასიკური ჰორორ ნამუშევრები – ადრენალინით. ამ მხრივ ეს სერიალი იმედს არ გაგიცრუებთ.
10. ის კარგ ყავას ან ჩაის ჰგავს – თუ ერთს გასინჯავ, ვეღარ მიატოვებ
სერიალის სიუჟეტი ისეა აგებული, რომ აუცილებლად ჩაგითრევთ და შეუძლებელია მისი ყურება შეწყვიტოთ. ასე რომ, თუ არ გაშინებთ საიდუმლოებები, გინდათ ეზიაროთ დახვეწილი სიუჟეტისა და პერსონაჟების მქონე ამბავს, რომელსაც ვეღარ მოსწყდებით, აუცილებლად ეწვიეთ ტვინ პიქსს.