ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა სურათი ნამდვილად დიდებული ნამუშევარია, საინტერესო და ჩამთრევი სიუჟეტით, რომელიც დაძაბულობისგან ადგილზე მიგაჯაჭვებთ. ესაა 10 ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც სუნთქვას შეგიკრავთ:
უკუჩვენებები (2013)
სუიციდის მცდელობის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი ფსიქიატრთან იწყებს სიარულს. ფსიქიატრი მას ახალ წამალს უნიშნავს, რომლის მიღებასაც საშინელი უკუჩვენება მოჰყვება. თუმცა, ეს უკუჩვენება დიდი გამოცანის მხოლოდ ერთი ნაწილია. გამოცანა კი ფინალურ სცენებში იხსნება.
შეშლილთა კუნძული (2010)
მეორე მსოფლიო ომის მარშალს მთავრობა კუნძულზე, იზოლირებულად მდებარე ფსიქიატრიულ კლინიკაში აგზავნის, სადაც მან გამქრალი პაციენტის საქმე უნდა გამოიძიოს. იქ ჩასვლიდან მალევე კაცს საშინელი ხილვები ეწყება და ხვდება, რომ კუნძულზე რაღაც ძალიან უჩვეულო ხდება.
სასტიკი თამაში (1992)
ირლანდიელთა არმიის წევრს ბრიტანელი ტყვე თავისი ცხოვრების დეტალებს უმხელს. მისი დახვრეტის შემდეგ კი კაცი ტყვის უკანასკნელი სურვილის შესრულებას – მისი შეყვარებულის მოძებნას ცდილობს…
გაქრობა (1988)
ბედნიერი წყვილი, რომელთაც ერთმანეთი ძალიან უყვართ, შვებულების გასატარებლად მიემგზავრება. გზად ბენზინგასამართ სადგურთან ჩერდებიან და გოგო მაღაზიაში შედის. უკან კი აღარ ბრუნდება. მისი უჩვეულო გაქრობით ობსესიამდე მისული მამაკაცი ყველაფერს აკეთებს სიმართლის დასადგენად.
ნომერი 23 (2007)
ფილმის მთავარი გმირი წიგნის კითხვას იწყებს და მაშინვე ხვდება, რომ წიგნი მის ცხოვრებას ასახავს. ის აბსოლუტურად შეპყრობილი ხდება ამ წიგნით და ტანჯავს შიში, რომ მასში აღწერილი მკვლელობა რეალურადაც მოხდება.
საწოლში მტერთან (1991)
ქმრის ძალადობისგან შეშლილობამდე მისული ქალი გადაწყვეტს, სიკვდილი გაითამაშოს. ის სხვა ქალაქში გადადის და ახალ ცხოვრებას იწყებს – ახალი მეგობრებით, ახალი სასიყვარულო ურთიერთობით… სამწუხაროდ, მისი ბედნიერების დღეები დათვლილია.
შეურაცხადი (2018)
საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადასული გოგონა, რომელსაც ახალი სამსახური აქვს, ემოციებზე სასაუბროდ ფსიქოთერაპევტს სტუმრობს. სეანსიდან გამოსულს, ეტყვიან, ცოტა ხნით დაიცადოს. თუმცა, ეს ცოტა ხანი ხანგრძლივ საშინელებად იქცევა…
ძირითადი ინსტინქტი (1992)
საშინლად მიმზიდველი, მანიპულატორი მწერალი ქალი იმ პოლიციელის ყურადღებას იქცევს, რომელიც ბრუტალური მკვლელობის საქმეზე მუშაობს. ეს საქმეც და მათი ურთიერთობაც მოულოდნელობებითაა სავსე. ქალი კი გაცილებით სახიფათოა, ვიდრე მხოლოდ მანიპულატორი.
მცველები (2018)
რეალურ ამბავზე დაფუძნებული ფილმი გვიყვება ისტორიას შოტლანდიის ერთ-ერთ კუნძულზე, შუქურის სამი მცველის იდუმალი და მისტიკური გაუჩინარების შესახებ. რეჟისორი მათი გაუჩინარების საკუთარ ვერსიას გვთავაზობს, ნამდვილი მიზეზი კი დღემდე უცნობია.
უდანაშაულობის პრეზუმფცია (1990)
წარმატებული პროკურორი ახალ დავალებას იღებს – გამოიძიოს თავისი კოლეგის სიკვდილი. სამხილები, რომელსაც პოულობს, მის დამნაშავეობაზე მიუთითებს და კაცი მათ დამალვას ცდილობს იქამდე, სანამ სიმართლეს არ მიაკვლევს. ალან ჯ. პაკულას ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ჰარისონ ფორდი თამაშობს, ნამდვილად არ მოგცემთ ამოსუნთქვის საშუალებას.