ერთი წუთით, ერთი წუთით… ანუ, გინდათ გვითხრათ, რომ “უცნაური ამბები” ჯერ არ გინახავთ? კი მაგრამ, გულმა როგორ გაგიძლოთ, როდესაც ჯერ კიდევ 2016 წლიდან მოყოლებული ყველა ამ სერიალზე ლაპარაკობდა?!
თუმცა, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს… დარწმუნებულები ვართ, ამ სტატიაში ჩამოთვლილი მიზეზების წაკითხვის შემდეგ დროს ტყუილად აღარ დაკარგავთ და მისი დასრულებისთანავე “უცნაური ამბების” ყურებას დაიწყებთ:
1. ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკისა და თრილერის იდეალური ნაზავი საიდუმლოებისა და პარალელური სამყაროების შესახებ.
2. მოქმედება 80-იანი წლების ამერიკაში ვითარდება და სერიალში იდეალურად არის გადმოცემული ამ დროისათვის დამახასიათებელი ნებისმიერი დეტალი, იქნება ეს პერსონაჟების ჩაცმულობა, მუსიკა თუ ნებისმიერი სხვა რამ…
3. შოუს ცენტრალურ ფიგურებად ძალიან ჭკვიანი, მოხერხებული და საყვარელი ბავშვები გვევლინებიან.
4. სცენარი არაერთ მორალურ თუ სოციალურ საკითხს ეხმაურება, როგორებიცაა ოჯახური ურთიერთობები, მეგობრობის ძალა, სწორი მიზნისათვის არასწორი გზებით ბრძოლა, ამასთან დაკავშირებული ემოციური კონფლიქტები და მრავალი სხვა…
5. სერიალი სავსეა მოულოდნელობებით და მაშინაც კი, თუ იმ მაყურებელთა რიგებს მიეკუთვნებით, რომელთა გაკვირვებაც, როგორც წესი, შეუძლებელია, დაგვერწმუნეთ, “უცნაურ ამბებს” თქვენთვის მართლა ძალიან ბევრი უცნაურობა აქვს მომზადებული!
6. არაჩვეულებრივი სამსახიობო შემადგენლობა და მათი შესრულება – იქნებიან ესენი სულ პატარა, ახალბედა მსახიობები თუ ყველასათვის კარგად ნაცნობი ვაინონა რაიდერი და დევიდ ჰარბური.
7. და ბოლოს, შესანიშნავი მუსიკალური გაფორმება – მთავარი თემა, რომლის ტექნო-ელექტრონული ელფერიც იდეალურად ერწყმის სერიალში განვითარებულ მისტიკურ მოვლენებს… ამასთანავე, მაყურებელი ისმენს ისეთი შემსრულებლების ჰიტებს, როგორებიც არიან დევიდ ბოუი, კაილ დიქსონი, ნიუ ორდერი და ა.შ.