ქართულ-შვედური ფილმი And Then We Danced მართალია ჯერ საქართველოში არ გამოსულა, თუმცა უკვე ყველას აინტერესებს ამბები რეჟისორ ლევან აკინის სურათის შესახებ.
მიზეზი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფილმის თემატიკა არ არის. კანში გამართული პრემიერის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა გამოცემებმა ფილმის შესახებ დადებითი რივიუები დაწერეს. ყურადღების ცენტრში მოექცნენ რეჟისორი და მსახიობებიც და შედეგად, ქართული (და არამხოლოდ) აუდიტორია სულმოუთმენლად ელის პირველი ქართული გეი დრამის დიდ ეკრანზე ნახვას.
გარდა იმისა, რომ ფილმი გამართული დრამატურგიით, მსახიობების ნიჭიერი შესრულებითა და ამბის თხრობის საინტერესო მანერით გამოირჩევა, სურათს შთამბეჭდავსა და დასამახსოვრებელს ის მუსიკა, სიმღერები და აუდიოვიზუალური მხარეც ხდის, რომლითაც “და ჩვენ ვიცეკვეთ” ნამდვილად გამოირჩევა ბოლო დროინდელი ქართული კინოსურათებისგან.
ქართული საუნდტრეკების უმეტესობა, რომელიც ფილში ჟღერს, გადაკეთდა ან თავიდან დაიწერა. ამის მიზეზი კი ის დაბრკოლებებია, რაც რეჟისორს და ფილმზე მომუშავე შემოქმდებით ჯგუფს სურათის თემატიკიდან გამომდინარე შეუქმნეს.
ალბათ, ასეც სჯობდა, რადგან სხვა შემთხვევაში იმ დიდებულ ეფექტს ვერ მივიღებდით, რომელსაც ფილმს ეს მხარე აძლევს.
ფილმის აუდიო პოსტ პროდუქციაზე კომპანია Post Red-მა იმუშავა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე კანში დრო გამომენახა და ის არაჩვეულებრივი ადამიანები გამეცნო თქვენთვის, ვინც ფილმს სულ სხვა ელფერი შესძინა.
გაიცანით Post Red-ის გუნდის სამი წევრი, კინოკლასტერის თანადამფუძნებლები ხმის დიზაინერი ბესო კაჭარავა და პოსტ პროდუქციის ზედამხედველი თინათინ ბაბაკიშვილი, ასევე კლასტერის წევრი, კომპოზიტორი ზვიად მღებრიშვილი.
— პირველ რიგში გილოცავთ ფილმის ასეთ წარმატებას. ნამდვილად ღირსეული ნამუშევარია. მოგვიყვევით როგორ მოხვდით ამ პროექტში და როგორი იყო მუშაობის პროცესი.
ბესო: ფილმის პროდიუსერი, ქეთი დანელია დაგვიკავშირდა და ამ პროექტზე მუშაობა შემოგვთავაზა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო იმ მხრივ, რომ რთული ფილმია — ფაქტობრივად ყველაფერი უნდა გადახმოვანებულიყო, რადგან ფილმში ბევრი ცეკვის სცენაა. გარდა ამისა, “და ჩვენ ვიცეკვეთ” ძალიან რეალისტური ფილმია და თბილისიც ისეთი უნდა გვეჩვენებინა, როგორსაც მას ევროპელი ან ამერიკელი დაინახავდა.
თინათინი: საინტერესო იყო თავად რეჟისორის გადაწყვეტილება, მთავარი სიუჟეტის ფონად ყოფილიყო ის ხმები, რაც დღევანდელ საზოგადოებას აწუხებს. იქნება ეს მუშათა პრობლემა, რუსეთის თემა თუ სხვა. პრობლემების ნაწილი ფილმში ბექგრაუნდად ისმის, ნაწილი პერსონაჟების მხრიდან, ნაწილიც კი ტელევიზორში ახალი ამბების გამოცხადების დროს.
ბესო: ფილმზე მუშაობა ორ ნაწილად იყოფა, ერთი რისი ჩაწერაც თავიდან გიწევს და მეორე, რასაც უკვე ხმების ბიბლიოთეკიდან იღებ. თუმცა, ეს ფილმი იმდენად ქართულია, რომ არ არსებობს ბიბლიოთეკა, რომელსაც საჭირო ხმები ექნება. ამიტომ, თითქმის ყველაფერი თავიდან ჩავწერეთ.
ზვიადი: გარდა ამისა, მოგვიწია აკუსტიკის სიმულაცია. რადგან, იმ ოთახში სადაც მერაბი და ირაკლი ცეკვავენ, სპეციფიური გარემოა. შესაბამისად, ავიღეთ ამ ოთახის ტონი და შევქმენით სპეციალური ექო.
სანამ უშუალოდ ფილმზე მუშაობის პროცესს გავიხსენებთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ აკინის ფილმის მთავარ თემასაც.
თინათინი: როდესაც პირველად ვნახეთ ფილმი, ძალიან ამაყები ვიყავით და გვიხაროდა, რომ სწორედ ჩვენ ვიმუშავეთ მასზე. მიხარია, რომ ის თემა, რომელიც ასეთი პრობლემურია, ბოლოს და ბოლოს ქართული კინოშიც გამოჩნდა. ეს არის უშუალო და ძალიან საინტერესო ფილმი სიყვარულზე. იმის თქმაც შეიძლება, რომ And Then We Danced ისტორიული სურათია. ყველა, ვინც ამ ფილმს ნახავს, დარწმუნებული ვარ, ამ თემას სულ სხვა რაკურსით აღიქვამს. იყო მომენტები, როცა უკითხავთ, არ გეშინიათ ამ ფილმის შექმნაში რომ მონაწილეობთ? პირიქით, გვეამაყება, რადგან ეს ფილმი გაჩვენებს, როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანი.
ბესო: პირველ რიგში, ეს ფილმი საინტერესოა იმ ადამიანებისთვის, ვინც საქართველოში არ ცხოვრობენ. ლევან აკინის სურათი იდეალურია იმისთვის, რომ უცხოელმა ჩვენი ქვეყანა გაიცნოს, ნახოს ჩვენი კულტურა და დაინტერესდეს მისით. ნებისმიერი უცხოეული, რომელიც ფილმს ნახავს, დარწმუნდება, რომ საქართველო კარგი ქვეყანაა, სადაც თბილი ხალხი ცხოვრობს და ამას სეანსის დასრულების შემდეგ, უცხოელი მაყურებელიც აღნიშნავდა. ამ ფილმში ხედავ, როგორ უყვარს რეჟისორს საქართველო და როგორ ზრუნავს მასზე. ძალიან მინდა საქართველოშიც მალე ნახონ ეს ფილმი, შეიძლება ბევრი გაღიზიანდეს კიდეც, მაგრამ, ფილმს აქვს იმის ძალიან დიდი რესურსი, რომ ემპათია გამოიწვიოს და ადამიანები დაფიქრდნენ იმაზე, რომ უმნიშვნელო განსხვავებულობის გამო ერთმანეთს არ უნდა ვემტერებოდეთ.
ზვიადი: ძალიან ფერადი ფილმია. გარდა იმისა, რომ სავსეა ქართული დეტალებით, ვიტყოდი, უფრო ევროპული თვალით დანახული თბილისი ჩანს. მეტიც, ქართველებიც კი სხვანაირი თვალით დაინახავენ ჩვენს კულტურას, დედაქალაქს და ქვეყანას. მაგალითად, მეც კი აღმოვაჩინე, რომ იმდენად შეჩვეული მქონდა თვალი, აქამდე ვერც ვხვდებოდი რა ლამაზ, ეგზოტიკურ ქალაქში ვცხოვრობთ. რაც მთავარია, ძალიან ლაკონურად და სწორად არის მოყოლილი ჩვეულებრივი ადამიანის ისტორია, რომელიც რაღაც გარემოში რაღაც პრობლემებს ეჩეხება, ესაა ფილმი ადამიანზე რომელსაც უყვარს ცეკვა და ცდილობს, ბოლომდე მიიყვანოს თავისი მიზნები. ამის ფონად კი ნაჩვენებია მისი პრობლემები, როგორ იცვლება მისი შეხედულებები, როგორ ცდილობს გადალახოს დაბრკოლებები და როგორ ცდილობს შეიყვაროს თავისი თავი.
მუსიკას ფილმში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან ისმის ქალაქური, თუ უკვე კლასიკად ქცეული ქართული სიმღერები, არც ერთი წამით არ გაქვს განცდა, რომ ზედმეტია. ფილმზე მუშაობის დროს ვიცი, ბევრი პრობლემა შეგექმნათ, იყო პრობლემები ლიცენზიებზეც და მოგიწიათ ყველაფერი თავიდან დაგეწყოთ.
ზვიადი: დიახ, იყო პრობლემები ლიცენზიების მოპოვებასთან დაკავშირებით, ყველა არტისტი თემატიკის გამო უარს ამბობდა ფილმზე ემუშავა. ამიტომ, უნდა შეგვეცვალა ეს ტრეკები და რადგან საავტორო უფლებები სხვებზე იყო, უნდა შეგვექმნა ალტერნატიული ემოციების მუსიკა, რომელიც კიდევ უფრო მოუხდებოდა ფილმს. ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო მუშაობის პროცესი, რადგან იყო ისეთი ჟანრები, რომელზეც არასდროს მიმუშავია და უფრო ახლებურად დამანახა მაგალითად ქალაქური მუსიკა. ამ ფილმში ყველა ჟანრს თავისი ემოცია მოაქვს და ისიც კი, რაც ყოველდღიურად შეიძლება გვაღიზიანებდეს, ამ ფილმში ისეა, როგორც პალიტრაში ერთ-ერთი ფერი.
ბესო: როდესაც ჩვენს კომპანიაში მუსიკის დეპარტამენტი ჩამოვაყალიბეთ, ერთ-ერთ მიმართულებად თავიდანვე ავიღეთ ის, რომ ქართული მუსიკა, ქართული ფოლკლორი, რომელიც ასეთი საინტერესო და ასეთი კარგია, კიდევ უფრო მეტად გაგვეტანა ჩვენი ქვეყნის გარეთ. ბედნიერები ვიყავით, რომ რეჟისორსაც იგივე დამოკიდებულება ჰქონდა და ბევრი ვიმუშავეთ, რომ კარგად და სწორად წარმოგვეჩინა ქართული მუსიკა ევროპელი მაყურებლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დიდ სირთულეებს წავაწყდით საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, ამ ფილმში ბოლომდეა ის მუხტი შენარჩუნებული, რაც ქართულ მუსიკას აქვს.
თინათინი: სხვათაშორის, თავად რეჟისორი საკმაოდ გამოცდილი და ნიჭიერი აღმოჩნდა. როდესაც ჩვენამდე მოვიდა ფილმი, მუსიკის მხრივ ძალიან კარგი გადაწყვეტილებები ჰქონდა მიღებული. ასეთ ფილმებში, რომელიც არ არის სტანდარტულად კომერციული, სტანდარტული ხერხით ვერ მიაწვდი მუსიკას მაყურებელს, რადგან, შესაძლოა, ფილმის სიუჟეტი გადაფაროს. ბევრი ვიმუშავეთ, რომ ზუსტად იმ დროს, იმ ემოციითა და იმ დოზით ყოფილიყო მუსიკა, როგორც საჭირო იყო.
ზვიადი: ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ნიჭიერ ადამიანებს, ვინც ფილმის მუსიკაზე იმუშავა, ანონიმად უწევთ დარჩენა საზოგადოების მხრიდან მოსალოდნელი გაკიცხვის გამო. მინდა მადლობა ვუთხრა მათ და იმედია, ერთ დღეს ყველა გაიცნობს იმ არაჩვეულებრივ გუნდს, ვინც ამ ფილმის უკან დგას.
რაც შეეხება თქვენს კომპანიას, რა გეგმები აქვს Post Red-ს?
თინათინი: ჩვენი კოპანია რამდენიმე წლის წინ დაარსდა საქართველოში. უმეტესად საერთაშორისო ბაზარზე ვოპერირებთ, მაგრამ ვცდილობთ ვიმუშაოთ ქართულ პროდუქციაზეც და თითოეული შანსი, რომელსაც გვაძლევენ ქართველი პროდიუსერები, გვეამაყება. გვინდა და იმედი გვაქვს, შევქმნით ისეთი ქართული კომპანიის პრეცენდენტს, რომელიც საერთშორისო ბაზარზე დიდ წარმატებას აღწევს.