საფრანგეთის სანაპირო მსოფლიო კინემატოგრაფის ყველაზე მნიშვნელოვან მოღვაწეებს მასპინძლობს. რიგით 72-ე კანის კინოფესტივალი რამდენიმე დღეში დასრულდება. დეკადების განმავლობაში ასობით ლეგენდარული კინომოღვაწე სანატრელი ჯილდოს მფლობელი გახდა, თუმცა ტრიუმფების გარდა კანს არაერთი უხერხული და სკანდალური მომენტიც ახსოვს. თვალი გადავავლოთ რამდენიმე მათგანს.
1. გოდარი და ტორტი
მსოფლიო კინემატოგრაფის ლეგენდარულ წარმომადგენელს 1985 წელს ფილმ დეტექტივის პრემიერაზე უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა. წითელ ხალიჩაზე რეჟისორს უკმაყოფილმა კინომოყვარულმა ტორტი პირდაპირ სახეში უთავაზა. ფრანგული ახალი ტალღის მეტრი არ დაიბნა, ტორტის ნარჩენები დააგემოვნა და საზოგადოებას მოახსენა, რომ საკონდიტრო ნაწარმი საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა.
2. დრესკოდის პირველი დარღვევა
კანის კინოფესტივალი 90-იან წლებამდე საკმაოდ კონსერვატიული ჩაცმულობით გამოირჩეოდა. ერთ-ერთმა პირველი, ვინც მოძველებული შეხედულებების წინააღმდეგ გაილაშქრა, მომღერალი და მსახიობი, მადონა იყო. 1991 წელს დოკუმენტური ფილმის საწოლში მადონასთან ერთად პრემიერაზე ვარსკვლავი “პანტალონებითა” და ბიუსტჰალტერით გამოცხადდა.
3. ფეხშიშველი ჯულია რობერტსი
დრესკოდის წინააღმდეგ საკუთარი პროტესტი კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, ჯულია რობერტსმა 2015 წელს დააფიქსირა, როდესაც ადმინისტრაციამ ფილმ ქეროლის პრემიერაზე რამდენიმე ქალი არ დაუშვა, იმის გამო, რომ მათ ქუსლიანი ფეხსაცმელი არ ეცვათ. უსამართლო ამბით შეწუხებული მსახიობი წითელ ხალიჩაზე ფეხსაცმლის გარეშე მივიდა.
4. მაკულატურა მძ****ია
1994 წელს კვენტინ ტარანტინომ პირველი და ამ ეტაპზე უკანასკნელი ოქროს პალმის რტო მოიპოვა. მაკულატურის მთავარი კონკურენტი კშიშტოფ კისლიოვსკის სამი ფერი: წითელი გახლდათ. ჟიურის თავმჯდომარე კლინტ ისტვუდმა გადაწყვეტილება ტარანტინოს სასარგებლოდ მიიღო, რასაც არაერთი ევროპელი კინომოყვარულის პროტესტი მოჰყვა, ერთ-ერთ მათგანს საკუთარი ემოციების მოთოკვა გაუჭირდა და სცენაზე ასულ რეჟისორს “კისლიოვსკი, კისლიოვსკი, მაკულატურა მძ****ია” მიაძახა, ტრიუმფატორმა კი აბეზარა მაყურებელს შუა თითი უჩვენა.
5. იზაბელ აჯანი და ფოტოგრაფები
1983 წელს ფილმის მომაკვდინებელი ზაფხული პრემიერას მთავარი როლის შემსრულებელი, ფრანგი მსახიობი იზაბელ აჯანიც ესწრებოდა. პოპულარობის ზენიტში მყოფმა მსახიობმა ანაზღაურების გარეშე ფოტოების გადაღებაზე უარი თქვა და წითელ ხალიჩაზე პატარა ჩანთით გამოცხადდა, რომლითაც ფოტოგრაფებისგან სახეს იცავდა. საპასუხოდ ჟურნალისტებმა კამერები ძირს დააწყვეს და ვარსკვლავს ზურგი აქციეს.
6. ნასვამი აკი კაურისმაკი
2002 წლის კინოფესტივალის ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონა ნამდვილად აკი კაურისმაკი იყო. ფინელი რეჟისორი წითელ ხალიჩაზე ნასვამი მოვიდა, თუმცა საგანგაშო არაფერი მომხდარა, კაურისმაკის საკმაოდ კარგი სიმთვრალე აღმოაჩნდა, მან რამდენიმე საცეკვაო ნომერიც კი შეასრულა.
7. პერსონა ნონ გრატა
2011 წლის ფესტივალზე ლარს ფონ ტრიერის მელანქოლიის პრემიერა შედგა, მაყურებელს ფილმი მოეწონა, თუმცა ოფიციალურ შეხვედრაზე მიცემული ინტერვიუ რეჟისორისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. ფრაზა “გარკვეულ წილად თავს ნაცისტად ვგრძნობ და ცოტა არ იყოს ჰიტლერისადმი სიმპათიები მიჩნდება” კანიდან ტრიერის ორი წლით მოკვეთის საბაბი გახდა. უკბილო ხუმრობის საფასურს რეჟისორი დღემდე იხდის, შეგახსენებთ რომ მის მიერ შარშან გადაღებულ ფილმს სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა კანის პუბლიკა სტვენით შეხვდა, ხოლო ათობით ადამიანმა კინოთეატრი დემონსტრაციულად დატოვა.
8. ჟურნალისტი კაბის ქვეშ
ცნობილი უკრაინელი ოინბაზი ვიტალი სედიუკი 2014 წელს მსახიობ ამერიკა ფერერას კაბის ქვეშ შეუხტა და რამდენიმე ფოტოს გადაღებაც მოასწრო. აღსანიშნავია, რომ თავად ფერარამ ბოლო მომენტამდე ვერაფერი შეამჩნია.
9. სოფი მარსოს უიღბლობა
ფრანგი მსახიობი სოფი მარსო უხერხულ სიტუაციაში ორჯერ აღმოჩნდა, პირველად 2005 წელს წითელ ხალიჩაზე პოზიორობისას მსახიობს კაბის ბრეტელი ჩამოუვარდა და მკერდი გამოუჩნდა, მარსომ მალევე აღმოფხვრა ინციდენტი, თუმცა ჟურნალისტებმა უხერხული მომენტის აღბეჭდვა მოასწრეს. ფოტოები მალევე გავრცელდა, მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში მწუხარებით აღნიშნა, რომ სურათებმა მისი ვაჟის სკოლამდეც მიაღწია.
ათი წლის თავზე მარსოს კვლავ არ გაუმართლა, ამჯერად მას მტრად ქარი გამოეცხადა, რომელმაც კაბა აუფრიალა და რამდენიმე წამით საცვალი გამოუჩინა, ფოტოგრაფები არ დაიბნენ და უხერხული მომენტი ფირზე მომენტალურად აღბეჭდეს.
10. ჩხუბი წითელ ხალიჩაზე
1992 წელს უნივერსალური ჯარისკაცის მსახიობები ჟან-კლოდ ვან დამი და დოლფ ლუნდგრენი ერთმანეთს ეკრანს გარეთაც დაუპირისპირდნენ. ინციდენტი დაძაბული დიალოგითა და მცირეოდენი შეხლა-შემოხლით შემოიფარგლა. ლუნდგრენმა თბილისში ვიზიტისას ეპიზოდი ასე გაიხსენა:
ვან დამის იდეა იყო, რომ პრესის ყურადღების მისაქცევად პატარა შოუ დაგვედგა, თუმცა ამის შესახებ არავინ გაგვიფრთხილებინა, მე მეგობარი გოგონა მახლდა, მას მეუღლე, ორივენი ძალიან გავანერვიულეთ. ერთი-ორი ხელი ვკარით ერთმანეთს, ხომ ხვდებით არ მინდოდა რამე სტკენოდა.